English / ქართული / русский /
ხათუნა თოდუა
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო დახმარება – მსოფლიო გამოცდილება და საქართველო

ანოტაცია. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო  მხარდაჭერის პროგრამები განსაკუთრებით განვითარებულია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში. აქტუალურია სოციალურად დაუცველი ფენის სასურსათო დახმარების საკითხი საქართველოში, სადაც შიმშილი (არასრულფასოვანი  კვება) ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

სახელმწიფომ, ერთი მხრივ,  უნდა დასახოს  სურსათის ეკონომიკური ხელმისაწვდომობის ამაღლების გზები მოსახლეობის ჯანსაღი კვებისათვის, განახორციელოს სიღარიბის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებები, ხოლო მეორე მხრივ  იზრუნოს სასურსათო დახმარების სისტემის შემდგომ განვითარებაზე.

საკვანძო სიტყვები:  სასურსათო  დახმარება, საქართველო. 

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო მხარდაჭერა განვითარე­ბული სახელმწიფო მმართველობის სისტემების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ჯერ კიდევ ძველი რომის დროიდან, სადაც სახელმწიფო ატარებდა მოსახლეობის კვების საბაზისო პროდუქტებით უზრუნველყოფის პოლიტიკას,  რომელიც ე.წ. ,,პურის კანონებით″  რეგულირდებოდა  და რომლის ერთ-ერთი მიზანი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფა იყო. ამ პოლიტიკის ფარგლებში უღარიბესი ფენა (მოსახლეობის 40%) იღებდა სასურსათო დახმარებას, რაზეც რომის ბიუჯეტის 20% იხარჯებოდა.

 მოსახლეობის სასურსათო მხარდაჭერის თანამედროვე პროგრამები მიმართულია  მოქალაქეთათვის ინკლუზიური და რაციონალური კვების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისაკენ. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასურსათო მხარდაჭერის პროგრამები განსაკუთრებით განვითარებულია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში.

აშშ-ში სასურსათო დახმარების მთავარ ამოცანად  მიიჩნევა მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი და/ან სხვა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ჯგუფების (ჩვილი ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, ინდიელთა რეზერვაციები და სხვ.) კვების რაციონალიზაცია, რაც მოქალაქეთა შემოსავლების სოციალურად მისაღები გადანაწილების ხელშემწყობი ფაქტორია. აშშ-ის სასურსათო  მხარდაჭერის პროგრამები მოქნილია და რეაგირებს  ქვეყანაში როგორც ეკონომიკური კონიუნქტურის, ისე სოციალურ-დემოგრაფიული სიტუაციის უმნიშვნელო ცვლილებაზეც.  აღნიშნულის აქტუალურობა განაპირობა, ერთი მხრივ, კვების ხარისხის შეუსაბამობამ ფედერალურ დიეტურ რეკომენდაციებთან (2015 წელს  ამერიკელთა კვების საშუალო ხარისხი  41%-ით დაბალი იყო რაციონალური მოხმარების ნორმებზე, ხოლო 2017 წელს ბოსტნეულის, ხილის და რძის საშუალო სულადობრივი მოხმარება 30-55%-ით ჩამორჩებოდა რეკომენდებულს) და მეორე მხრივ დიდმა განსხვავებამ ყველაზე მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების  კვების დანახარჯებს შორის – 2018 წელს უმაღლესი საშემოსავლო კვინტილის საოჯახო მეურნეობები, აბსოლუტური გამოხატულებით, კვებაზე ხარჯავდნენ სამჯერ მეტს, ვიდრე ყველაზე დაბალი კვინტილისა,

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური -,,პროდუქტების საშეღავათო შეძენის პროგრამა” (SNAP) მოქმედებს აშშ-ში 1961 წლიდან (მისი ბენეფიციარების 43% – ბავშვები, ხოლო 13%  60 წელზე მეტი ასაკის პირებია. მის ფარგლებში 2018 წელს დახმარება გაეწია 95 მილიონამდე ადამიანს  –  ნაკლებად უზრუნველყოფილ მოქალაქეებს,  ბავშვებსა და ხანდაზმულებს).

პროგრესული საგადასახადო დაბეგვრის წყალობით SNAP-ზე სახელმწიფო ბიუჯეტის  დანახარჯების 60% იფარება უმდიდრესი ამერიკელების (მოსახლეობის 5%-ის) გადასახადებით.

სასურსათო დახმარების ორგანიზების საქმეში აშშ-ში არასახელმწიფო სტრუქტურებს დამხმარე როლი  აქვთ. 2018 წელს ორგანიზაცია ,,გამოვკვებოთ ამერიკას″ (Feeding America) ბიუჯეტმა სასურსათო დახმარებებისათვის გამოყოფილ სახელმწიფო ბიუჯეტზე 36-ჯერ ნაკლები  –  2,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

,,ევროკავშირში ჯერ კიდევ მრავალი ღარიბი ადამიანია; სასურსათო უსაფრთხოება მათთვის ძალიან  მნიშვნელოვანია″ [Swinnen, 2015]. სასურსათო დახმარების პროგრამები დიდ როლს ასრულებს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების სამომხმარებლო-სოციალურ დეპრივაციასთან ბრძოლაში. ევროკავშირში სასურსათო დახმარება ხორციელდება სოციალური პოლიტიკის ფარგლებში FEAD-ის (Fund for European Aid to the Most Deprived) მეშვეობით. დახმარების მიწოდება ხშირად ხდება  ნატურალური ფორმით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ურიგდებათ საკვების პაკეტები, ხდება მათი უზრუნველყოფა უფასო ცხელი საკვებით; FEAD-ის ფარგლებში 2018 წ. რაციონალური კვების მეცნიერულად დასაბუთებული ნორმების გათვალისწინებით შედგენილი სასურსათო პროდუქტების ნაკრები მიიღო 12 მლნ. ადამიანმა,  2014–2017 წწ. პროდუქტების გაცემის საერთო მოცულობა 2,5-ჯერ გაიზარდა და 370 ათ. ტ. შეადგინა.

 აშშ-ისა და ევროკავშირის გამოცდილება ადასტურებს, რომ სასურსათო დახმარება ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების პირობებშიც აუცილებელია, მათ შორის, სურსათის საკმარისი მიწოდებისასაც. მიზანმიმართული მისამართული დახმარების შედეგად იზრდება დაბალშემოსავლიანთა და მოსახლეობის სხვა მოწყვლადი ჯგუფების სასურსათო  მოთხოვნა და ხდება სოციალური უთანასწორობის ნაწილობრივ კომპენსირება,  სოციალური დეპრივაციის შესუსტება.

აქტუალურია სოციალურად დაუცველი ფენის სასურსათო დახმარების საკითხი საქართველოში, სადაც შიმშილი (არასრულფასოვანი კვება) ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზი არის სიღარიბე, რაც, თავის მხრივ, ქმნის საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემას: ,,მსყიდველუნარიანობა სიღარიბის დონის უკუპროპორციულია და რაც უფრო მაღალია სიღარიბე და უთანაბრობა, მით უფრო დაბალია მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი, რაც ავტომატურად ნიშნავს მოთხოვნის დაბალ დონეს″  [კაკულია მ., 2017:6].

2020 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 21,3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთაა, თუმცა ,,უფრო ყოვლისმომცველი წარმოდგენის შექმნა შესაძლებელია 8-წლიან ჭრილში, რომელსაც ,,მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის″ 5 რაუნდი მოიცავს... საქართველოში ამ პერიოდის განმავლობაში, შინამეურნეობების 70% მინიმუმ ერთხელ მაინც იმყოფებოდა ზოგადი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ″  [გუგუშვილი დ., 2019:5]. მოსახლეობის ნახევარზე მეტს აქვს საკვებზე  მატერიალური  ხელმისაწვდომობის პრობლემა  –   ყოველი მეხუთე  ადამიანი  საკვებს უფრო  ხშირად  ვალით  ყიდულობს.

გაეროს სურსათისა  და სოფლის მეურნეობის  ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2019 წელს, საქართველოში მოსახლეობის  8,2 %  (300 ათასზე მეტი ადამიანი) არასრულფასოვნად  იკვებებოდა. 

2019 წელს ,,შიმშილის  გლობალური ინდექსის“   მიხედვით საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს  იკავებდა,  2020  წელს   107 ქვეყნიდან   –  26-ე  ადგილს, ხოლო 2021 წლის მონაცემებით  116  ქვეყნიდან 27-ე ადგილზეა. საქართველოში უარესი მდგომარეობაა, ვიდრე მონღოლეთსა და უზბეკეთში.ამ ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამები.  საქარ­თველოში ყველა მერიის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული ,,უფასო სასადილოების მომსახურება″, რომლის ფარგლებში მერიები უზრუნველყოფენ მათ ტერიტორიებზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უფასო საკვებით.

მართალია,  თითოეულ  მერიაში 2019-2021 წლებში  ბენეფიციარების გამოსაკვებად გაწეული ხარჯი წლიდან წლამდე იზრდება,  მაგრამ მენიუ არ  უმჯობესდება; ამის მიზეზია ინფლაცია; მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 12,8% შეადგინა, 15 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 12 სურსათს მიეკუთვნება. ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 18,4%-ით გაძვირდა. დღესაც ,,საქართველოში ფიქსირდება სურსათის ფასების დონის ზრდის ტენდენცია სხვა სამომხმარებლო საქონელის ფასების დონესთან შედარებით″ [ლეკაშვილი ე., 2012:7]. ცხადია, ფასები გაიზარდა იმ პროდუქტებზეც, რომელიც ბენეფიციარებს მიეწოდებათ, ამიტომ, ერთჯერადი კვებისთვის გათვალისწინებული თანხა არასაკმარისია. საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლების მატების, სურსათზე დაბალი ეკონომიკური ხელმისაწვდომობის, მოსახლეობის მიერ ძირითადი საკვები პროდუქტების მოხმარების შემცირების გათვალისწინებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დიდი ნაწილის სასურსათო უსაფრთხოება შეიძლება შეფასდეს, როგორც კრიტიკული, რაც საჭიროებს სათანადო რეაგირებას სხვადასხვა დონის ადმინისტრაციული სტრუქტურების მხრიდან.

სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უნდა დასახოს სურსათის ეკონომიკური ხელმისაწვდომობის ამაღლების გზები მოსახლეობის ჯანსაღი კვებისათვის, განახორციელოს სიღარიბის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებები, ხოლო, მეორე მხრივ,  საჭიროა სასურსათო დახმარების სისტემის შემდგომი განვითარება, მისი დაფარვის არეალის გაზრდა, მიზანშეწონილია სასურსათო დახმარებაში სამოქალაქო საზოგადოების და ბიზნესის მონაწილეობის სტიმულირება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. გუგუშვილი  დ.,  ნესტური  ა., 2019, მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზი და სოციალური ტრანსფერებით სიღარიბის შემცირების სიმულაცია, თბილისი, გაეროს ბავშვთა ფონდი, გვ. 7. https://www.unicef.org/georgia/media/2491/file/TSA&CHILDPOVERTY_ge.pdf გადამოწმებულია 23 მარტს, 2022 წ.
  2. კაკულია მ., კაპანაძე ნ., ქურხული ლ., 2017, ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში, თბილისი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, გვ. 6. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/13977.pdf  გადამოწმებულია  23 მარტს, 2022 წ.
  3. ლეკაშვილი  ე., 2012, სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის, https://www.researchgate.net/ publication/299393361_sasursato_usaprtkhoebis_strategiis_sakitkhistvis  გადამოწმებულია  9  მარტს, 2022 წ.
  4. Swinnen J., 2015, Inequality, not unavailability, is the main driver of food insecurity.Available at: https://horizon-magazine.eu/article/inequality-not-unavailability-main-     driver-food-insecurity-prof-johan-swinnen.html/
  5. www.geostat.ge